ზურაბ სანიკიძე - საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ე.წ. კეთილსინდისიერი რწმენის საკითხზე, რომ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს არა ელექტრონული პირადობა, არამედ ჩვეულებრივი, სხვა პირადობა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს, ეხმაურებიან იუსტიციის სამინისტროში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ზურაბ სანიკიძის განცხადებით, დაელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ეს არის ჯერ სარჩელის მიღება, საქმის განხილვის დაწყება, არსებითი განხილვისთვის საქმის დაშვება, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამაზე მოხდეს ხაზგასმა. შესაბამისად ეს არის მიმდინარე პროცესი. დავაკვირდებით ამ პროცესს, როგორ წარიმართება ეს სარჩელი, როგორ მოხდება ამის განხილვა, როგორ იქნება შესაბამისი დასაბუთება წარმოჩენილი და საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის ფარგლებში მსჯელობდა ელექტრონული პირადობის მოწმობების და ბიომეტრიული პასპორტების ნაწილზე. აქაც ყურადღება არის გასამახვილებელი. ეს შუალედური გადაწყვეტილება და არა საბოლოო ეხება ბიომეტრიულ ბარათებს და არა პასპორტებს. სასამართლოს არ შეუჩერებია ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა, სასამართლომ იმსჯელა ე.წ. კეთილსინდისიერი რწმენის საკითხზე, კეთილსინდისიერი რწმენის არსებობის შემთხვევაში რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს არა ელექტრონული პირადობა, არამედ ელექტრონული პირადობის გარეშე ჩვეულებრივი სხვა პირადობა. ამ საკითხზე ბუნებრივია, შესაბამისი დასაბუთების ფარგლებში, ამ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს, ვიმსჯელებთ. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით იქნება შესაბამისი ნაბიჯები დაგეგმილი“,- განაცხადა ზურაბ სანიკიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.