ზურაბ პოლოლიკაშვილი - მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება, ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება, მოგიწოდებთ ყველას, დაგვეხმაროთ მშვიდობიანი ტურიზმის შენებაში
მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება, ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობა არის მენტალური მოგზაურობა, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს.
„მე გუშინ ვახსენე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარგი მეგობრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები ჩამოვიდნენ საქართველოში ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად ჩემთან ერთად, ჩემს მშობლიურ ქალაქში. ყველას მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. გასულ წელს შესანიშნავი მსოფლიო ტურიზმის დღე აღვნიშნეთ საუდის არაბეთში. მომავალ წელს მალაიზიაში გვექნება მსგავსი ღონისძიება“, – განაცხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება.
„მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს. ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ. ბევრ ჩვენგანს აქ, ამ ოთახში ომი არა მხოლოდ ტელევიზორში, ან გაზეთებში უნახავს. ჩვენ მასში ვიცხოვრეთ, ჩვენ ის გამოვიარეთ. და ყოველ დღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ქალაქებსა და სოფლებს ნანგრევებში ვხედავთ. ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკების ნგრევა. ვხედავთ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას და დეზინფორმაციას და პლანეტაც ტირის კლიმატის კრიზისის და ბიომრავალფეროვნების დანაკარგების სახით. ეს ყოველივე დიდად მოქმედებს ჩვენს სექტორზე“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს არის მშვიდობა, ხალხის გაერთიანება, კეთილდღეობის და დოვლათის შექმნა.
„დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს არის მშვიდობის თემა, ეს არის ხალხის გაერთიანება, ეს არის კეთილდღეობის და დოვლათის შექმნა. ეს არის განკურნების, გამძლეობის და რეგენერაციის საშუალება და ეს არის მოგზაურების ისეთ გლობალურ მოქალაქეებად გადაქცევის ინსტრუმენტი. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, რომ მშვიდობა არ არის ის ადგილი, სადაც ჩახვალ და ჩემოდანს ამოალაგებ. მშვიდობა არის მენტალური მოგზაურობა, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს მოგზაურობა და ტურიზმი გონივრულად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ვითარდებოდა ტურიზმის ზრდასთან ერთად, მაგრამ ჩვენი აქცენტი მშვიდობაზე იყო თავიდანვე. ორი საშინელი მსოფლიო ომის შემდეგ, ტურიზმი გამოიყენებოდა, როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება და როდესაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში 1975 წელს მესამე მუხლმა, საერთაშორისო ურთიერთგაგება, მშვიდობა და კეთილდღეობა ორგანიზაციის ფუნდამენტურ მიზნად აქცია. ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს მისია და ვიცხოვროთ ამ ღირებულებით. ასე რომ, დღეს მოგიწოდებთ ყველას, დაგვეხმაროთ მშვიდობიანი ტურიზმის შენებაში“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა.