ზურაბ პოლოლიკაშვილი - ჩვენ ერთად შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ
მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს მშვიდობის თემაა.
„ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ. ბევრ ჩვენგანს ომი არა მხოლოდ ტელევიზორში ან გაზეთებში უნახავს, ჩვენ მასში ვიცხოვრეთ. ყოველდღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკის ნგრევა. ვხედავთ, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას, დეზინფორმაციას და კლიმატის კრიზისს“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ტურიზმი გამოიყენებოდა როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება.
„ვხედავ ისეთ მომავალს, სადაც გაერო და ყველა პარტნიორი იმუშავებენ ხელიხელჩაკიდებულნი უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ“, – აღნიშნა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები ტურიზმის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.