ზურაბ პატარაძეს იმედი აქვს, რომ თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე შედეგები მალე იქნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში გადასვლის ახალი რეგულაციების საკითხზე ართვინის გუბერნატორს შეხვდა.
ზურაბ პატარაძეს იმედი აქვს, რომ მალე საბაჟო რეგულაციებთან დაკავშირებით შედეგები მალე იქნება, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ შეთანხმებაზე არ საუბრობს.
„ჩვენ შევხვდით ართვინის გუბერნატორს. იქ იყვნენ ასევე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც. არის მზაობა თანამშრომლობისთვის. შეხვედრიდან ანკარაში გაიგზავნა კონკრეტული მესიჯები და იმედი მაქვს, მალე დადგება კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
დღეს სარფის საბაჟოზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, ითხოვდნენ, გაუქმდეს ის რეგულაციები, რომლებიც პირველი იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.
ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.