ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა
ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა უშუალოდ თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.

ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.

სარფის საბაჟოზე დილიდან მოქალაქეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს ის რეგულაციები, რომლებიც 1 იანვრიდან თურქეთის მთავრობამ აამოქმედა.

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.