ზურაბ პატარაძემ თურქეთის საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების შეჩერებაზე განცხადება გააკეთა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების შეჩერებაზე განცხადება გააკეთა.
როგორც პატარაძემ აღნიშნა, კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
“მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო.
საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება კონსულტაციების შედეგების შესაბამისად.