ზურაბ პატარაძე - ვრჩები „ქართული ოცნების“ წევრად და გუნდთან ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებ
ვარ, ვიყავი, ვიქნები, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პატარაძემ აღნიშნა, ტოვებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდში მუშაობას აგრძელებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ თავმჯდომარის პოსტს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მე ვარ, ვიყავი, ვიქნები, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საშუალება მომცა დავბრუნებულიყავი აჭარაში, ბევრი საქმე მეკეთებინა ხალხისა და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მადლობა საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ერთგულად და ერთგუნდად ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობა ჟურნალისტებს, მედიას, არასამთავრობოებს, ყველაზე დიდი მადლობა მოსახლეობას. მადლობა ჩემს აჭარას, თითოეულ მუნიციპალიტეტს, ჩემს ბათუმს, ბათუმელებს და მომავალშიც გავაგრძელებ მთაში ამოსვლას, დავაკვირდები იმ პროექტებს, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მადლობა ქობულეთს, ხელვაჩაურს. წარმატებები ყველას. დარჩა რიგი საკითხები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე მაქსიმალურად ჩაერთვება ამ პროცესში და ყველაფერს გააკეთებს რეგიონის მომავლისთვის. მე შევეცდები მას მხარი დავუჭირო”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტებს მალე მიაწვდის ინფორმაციას, სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას.
„ჩემი თანამდებობიდან წასვლა არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს არის როტაცია და ჩვენ სხვა საფეხურიდან ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა პატარაძემ.
ამასთან, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და პროექტების განხორციელებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.
„დავიწყეთ ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა და წელიწადნახევარში ბათუმს ექნება „უეფას“ სტანდარტების სტადიონი. ბათუმის შემოსასვლელში შენდება ესტაკადა, სულ რამდენიმე დღეში დასრულდება ეს პროექტი და ყველა ჩვენგანს მოგვეცემა საშუალება, რომ გადაადგილდნენ კომფორტულად. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება რეგიონში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომელსაც ახორციელებს „ქართუ“ ფონდი რეგიონში. ჩვენ გავხსენით რაგბის კომპლექსი, სადაც დღეს ვარჯიშობს არაერთ გუნდი და ტარდება ღონისძიებები. ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მწერალთა სახლს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ზღვისპირა სანაპიროზე „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, რომელიც მალე დასრულდება და მივიღებთ სივრცეს, სადაც ჩვენს სტუმრებს შეეძლებათ დასვენება. ცენტრალური ზოოპარკის მშენებლობა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის დაგეგმილი „ქართუ“ ფონდის მხრიდან. მადლობა “ქართუს“ თანამშრომლებს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – აღნიშნა პატარაძემ.
ზურაბ პატარაძის გადადგომის გამო, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს.