ზურაბ პატარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე არაერთხელ ითქვა ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივაზე და ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე არაერთხელ ითქვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივაზე და ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან სამი ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ჩართულობით გაგრძელდება მედიაცია.
„მინდა აღვნიშნო, რომ მე, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს მომეცა საშუალება, მესაუბრა, გამეშალა ყველა ის საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, მათ შორის პოლიტიკური საკითხები, საქართველოს მედიაცია და ბოლო პროცესები არსებულ ვითარებაში. დღეს არაერთხელ ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივაზე და ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან საინტერესო, ვინაიდან სამი ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების, მათ შორის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით გაგრძელდება მედიაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი დიდი გუნდის მხარდაჭერით მივაღწევთ ამ შედეგს.
ქრონოლოგიას გავყვეთ, თქვენ მომსწრე ხართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის,რ ოდესაც მოხდა რუქების და ტყვეების გაცვლა. ეს იყო პირველი ეტაპი. ამის შემდეგ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ თბილისში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბოლოს, გახსოვთ, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი. ჩვენ, ქართულ მხარეს მოგვეცა საშუალება, გაგვეგრძელებინა დიალოგი ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს ეს პროცესები. მომავალ წელს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები და თქვენ ყველანი მომსწრე იქნებით ამ პროცესების“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.