ზურაბ პატარაძე - პრემიერს აზერბაიჯანში დატვირთული შეხვედრები ექნება, რაც გარკვეულ შედეგებს მოიტანს და გააუმჯობესებს ქვეყნებს Შორის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ჩვენთვის მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა.
„დღეს გაიმართება პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურული, ჰუმანიტარული მიმართულებით. დღეს ქართულ მხარეს, დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ქალაქ გაბალაში დაათვალიეროს რამდენიმე საწარმო, ასევე ახლად გახსნილი სერვისცენტრი. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართება ქალაქ გაბალაში, ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, საინვესტიციო პოლიტიკა, სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ახალი საინვესტიციო პროექტები, სატრანსპორტო კუთხით, ლოგისტიკური კუთხით, ენერგეტიკის კუთხით პროექტები. საუბარი შეეხება ელექტროკაბელის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე. ვფიქრობ, ძალიან დატვირთული შეხვედრები იქნება, რომლებიც გარკვეულ შედეგებს მოიტანს ქვეყნებს შორის და გააუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს. სულ ახლახან ჩვენ ვიზეიმეთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე ჩვენს ქვეყნებს შორის. წელსაც გაიმართება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, კულტურული პროგრამა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იქნება ეს შეხვედრები და, რა თქმა უნდა, შესძენს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს.
როდესაც საუბარია გაფართოებაზე და იმ დიდ პროექტებზე, რომლებიც მუშაობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის გაფართოებაც მიმდინარეობს. აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით. განახლებადი ენერგია და ამ მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება და განხორციელება ერთ-ერთი უმთავრესი მოლაპარაკების საგანი იქნება. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი სატრანზიტო პოტენციალი და შესაბამისად, ტვირთბრუნვის გაზრდა არ არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, გაფართოებული და ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ორივე მხარე ჩართული“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კომენტარს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.