ზურაბ პატარაძე - ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო შესაძლებლობა, მეზობელი ქვეყნები შეკრებილიყვნენ, ესაუბრათ, პირველ რიგში, მშვიდობაზე, აზერბაიჯანში არაერთგზის იქნა აღნიშნული ჩვენი როლი
ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო შესაძლებლობა, მეზობელი ქვეყნები შეკრებილიყვნენ, ესაუბრათ, პირველ რიგში, მშვიდობაზე. აზერბაიჯანში არაერთგზის იქნა აღნიშნული ჩვენი როლი, ჩართულობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ ყველა ელჩი იმყოფება თბილისში და საშუალება ეძლევათ, შეაჯამონ წელი, გაცვალონ მოსაზრებები.
„აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, ნამდვილად, ძალიან დახუნძლული წელი იყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო ვიზიტები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დეკემბრის თვეში, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების ვიზიტები. ძალიან საინტერესო წელი იყო. მედიაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით მოვლენებს, გვახსოვს პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენი ჩართულობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხერხდა ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რუკებზე. ამის შემდეგ გახსოვთ სამმხრივი მინისტერიალი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და სულ ახლახან, თბილისში გაიმართა სამი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერდა თბილისში. თბილისის პლატფორმას ენიჭება დიდი ყურადღება. აზერბაიჯანში არაერთგზის იქნა აღნიშნული ჩვენი როლი და ჩართულობა. ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო შესაძლებლობა, მეზობელი ქვეყნები შეკრებილიყვნენ და ესაუბრათ შესაბამის თემებზე, პირველ რიგში, მშვიდობაზე. ვფიქრობ, ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული მომავალშიც. 2024 წელსაც დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების, ასევე დარგობრივი მინისტრების, ასევე ჩატარდება სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, შუა დერეფანი, პერსპექტივები, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, ელექტროკაბელის გაყვანა, რომელიც ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში და არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ, დიდ ყურადღებას ანიჭებს ამ პროექტს. ვფიქრობ, ეს და სხვა პროექტები იქნება განხილული როგორც ამბასადორიალის ფარგლებში, ასევე ჩვენ ყველანი მომსწრე ვიქნებით მნიშვნელოვანი შეხვედრების ქალაქ ბაქოსა და სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ იმართება.