ზურაბ პატარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები
დღეს იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ ილჰამ ალიევის მოპატიჟებით ესწრება.
„ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრისას განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, ლოგისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება. ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ორმხრივი შეხვედრების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.