ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს შეხვდა, თუმცა საარჩევნო საკითხებზე არ უსაუბრიათ
ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს შეხვდა, თუმცა საარჩევნო საკითხებზე არ უსაუბრიათ

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს შეხვდა, თუმცა საარჩევნო საკითხებზე არ უსაუბრიათ.

„გიდასტურებთ, რომ გომელაურთან ნამდვილად იყო შეხვედრა. მეც შევხვდი, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებით არ მისაუბრია და საერთოდ, არ არის გასაკვირი, რომ რომელიმე უწყების ხელმძღვანელთან იყოს შეხვედრა. გუნდის წევრები ხშირად ვიკრიბებით სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პატარაძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, რომ ვახტანგ გომელაური არჩევნებზე აჭარაში ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს, პატარაძის განცხადებით, ეს არის აბსურდი და ოპოზიციის ხრიკი.

ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა დაადასტურა ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჭეიშვილმა.  მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

ირაკლი ჭეიშვილი ​აჭარის მთავრობის შენობიდან უმაღლესი საბჭოს ენმ-ს დეპუტატთან, ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად გამოვიდა. ბაგრატიონი, რომელიც გომელაურთან შეხვედრას ითხოვდა, თავდაპირველად სამართალდამცველებმა აჭარის მთავრობის სახლში არ შეუშვეს, თუმცა მოგვიანებით დეპუტატი შენობაში შეიყვანეს.