ზურაბ მხეიძე - არც ერთი ვირუსი არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ნეგატიური ინფორმაცია, მედიამ უნდა იცოდეს, რას უშვრება საზოგადოებას
მედიამ უნდა იცოდეს, რას უშვრება საზოგადოებას, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც მუდმივად ნეგატივს უშვებ და საინფორმაციო ველის ეკოლოგიის საკითხებს არ უყურებ, ეს ისევე მოქმედებს ჯანმრთელობაზე, როგორც ჰაერში ტყვიის შემცველობა, გარემოს დაბინძურება. ჰკითხეთ ექიმებს, რას იწვევს მუდმივი სტრესი. ეს არის კუჭის წყლული, ინსულტი, ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები… ეს მავნებლობაა. შესაბამისად, მედიამ, რომელიც ამას აკეთებს, უნდა იფიქროს იმაზე, რას უშვება საზოგადოებას. როცა ადამიანს მუდმივად ეუბნები, რომ საშველი არ არის, დაიღუპა, შანსი არ გაქვს და ვერ იცხოვრებ, აგრძნობინებ, რომ უსუსურ მდგომარეობაშია, იმის მაგივრად, რომ პოზიტიური სტიმულისაკენ მისცე ბიძგი. ეს კლავს ყოველგვარ სურვილს სიცოცხლის, პერსპექტივის, ან შემოქმედებითობის და ხალხს ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ამყოფებ“, – განაცხადა მხეიძემ.
მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებას „კოვიდ-19“-ის გავრცელების სისწრაფეზე მილიონჯერ მეტი სისწრაფე აქვს და პოლიტიკური პარტიები ამას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ.
„არც ერთი ვირუსი არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც სოციალური ქსელით ვითარდება ნეგატიური ინფორმაცია და ის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. გნებავთ, პოლიტიკური პარტია იყოს, ამას ხომ შენს საზოგადოებას უკეთებ?! იმიტომ, რომ მერე გააბრაზო, გაბრაზებული ელექტორატი კი ვიცით, როგორ პასუხობს ხოლმე არჩევნებზე. აი, ამიტომ ცდილობენ, ადამიანები მაქსიმალურად გააღიზიანონ, მაგრამ მეორე მხარეს ხომ უნდა შეხედო?!“, – განაცხადა მხეიძემ.
ფსიქოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ მედიას აქვს კარგი საშუალება, სახელმწიფო ორგანოები პრესინგში ამყოფოს, რათა უწყებებმა იმუშაონ, მაგრამ მას საზოგადოება ჰყავს პრესინგის ქვეშ და არა სახელმწიფო სამსახურები.
„მედიას აქვს კარგი საშუალება, სახელმწიფო ორგანოები პრესინგში ამყოფოს, რათა უწყებებმა იმუშაონ, მაგრამ ამისთვის უნდა დაისვას კითხვები – რატომ არ არის საქმე გამოძიებული, რა ხდება და არა ისე, როგორც ხდება, როცა მედიასაშუალებებს საკუთარი ვერსიები მოჰყავთ, ტრაგედიებს აჩვენებენ და ემოციას მაქსიმალურად წამოწევენ. ამით შენ შენს საზოგადოებას აწვები ემოციურად“, – განაცხადა მხეიძემ.
მისივე თქმით, არსებობს აღმოჩენა, რომ მუდმივად ასეთი ტიპის სიუჟეტების მომზადებით თვითონ ჟურნალისტს ერყევა ფსიქიკა და მისი ქმედებები ნორმას სცილდება.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, სად არის გამოსავალი, ზურაბ მხეიძემ ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, გაკეთდეს პროექტი, დღეში თუნდაც, ათწუთიანი გადაცემა, სადაც მაყურებელი ნახავს, როგორ შეიძლება ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვანაირი მანიპულაციით გადაცემა.
„ამით საზოგადოებაში შეგვაქვს განათლების ის ელემენტები, თუ როგორ ხდება ზემოქმედება. შესაბამისად, მაყურებლის გონებაში ფილტრი დგება და უკვე თვითონ ამოიცნობს, ვინ რას აკეთებს. გავათამაშოთ მანიპულაციის ასეთი ხერხი და ვაჩვენოთ. თან, არ არის საჭირო შვიდსაათიანი გადაცემა. დღეში ათი წუთი მიეძღვნება ერთ ხერხს და გაუშვებ, მერე მანიპულაციის მეორე ხერხს აჩვენებ და ა.შ. პლუს, ამას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა ექნება და ბოლოს და ბოლოს, მანიპულატორებს გამოაცლი ყველა ინსტრუმენტს, როგორ ხდება ასეთი რაღაცების კეთება. გამოვა, რომ მაყურებელი სამზარეულოში გაერკვა. მერე, ფილტრი თვითონ აქვს და რეაგირება მარტივია“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.