ზურაბ ხარატიშვილი - 2008 წლის შემდეგ არ წამიკითხავს ასეთი მძიმე დასკვნა, რაც ეუთო-ს მისიამ ამ არჩევნებზე გააკეთა
2008 წლის შემდეგ არ წამიკითხავს ასეთი მძიმე დასკვნა, რაც ეუთო-ს მისიამ ამ არჩევნებზე გააკეთა, – ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ხარატიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ის საკითხები, რაც ამ დოკუმენტის რეზიუმეშია ჩამოთვლილი, საკმაოდ მძიმეა და ვისაც ოდნავ მაინც ესმის ის ენა, რა ენაზეც წერია, მიხვდება, რომ ეს საკმაო მძიმე შედეგების მომტანია“, – განაცხადა ხარატიშვილმა.
ამ განცხადებით ზურაბ ხარატიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მაშინ, როცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები გარკვეულ დარღვევებზე საუბრობენ, მაგრამ არჩევნებს საერთო ჯამში, დადებითად აფასებენ, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების მიმდინარეობისას, რატომ აცხადებდნენ მისი გუნდის ლიდერები, რომ ხელისუფლება მასობრივი გაყალბებისთვის ემზადებოდა და იყო თუ არა ეს მეტი ამომრჩევლის მოზიდვის მცდელობა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კრისტიან ვიგენინის განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ „დარღვევები და შეუსაბამობები, რაც გამოვლინდა, საფრთხეს არ უქმნის არჩევნების შედეგებს“.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შედეგებს ელის მეორე ტურზე ოპოზიციური გაერთიანება და როგორი იქნება მათი სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში მათთვის სასარგებლო შედეგი არ დადგა, რადგან რომან გოცირიძემ დღეს რევოლუციის შესაძლებლობაც ახსენა, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ სცენარი მარტივია და ის უკვე დაიწყო.
„სასურველი შედეგების მისაღებად ხელისუფლება ყველანაირ დაშვებულ თუ დაუშვებელ მეთოდს იყენებდა, მაგრამ ძალიან დიდი ზეწოლის მიუხედავად, ქართველი ამომრჩეველი ძალიან წყნარად, მშვიდად მოვიდა და დადგა შედეგი, რომელიც ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო გულმოდგინებით მოვემზადებით, ამომრჩევლებს კიდევ უფრო მეტს დაველაპარაკებით, ვეტყვით, რის გაკეთებას ვაპირებთ და მათ ექნებათ არჩევანი არსებულს და იმას შორის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. შესაბამისად, შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“, – განაცხადა ხარატიშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ ფიქრობს ოპოზიციური გაერთიანება, რომ მეორე ტურში არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებაზეა“ განაწყენებული და ისიც, ვინც იმედს მესამე ძალაში ეძებს, ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი ცვლილებებს ირჩევს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ქვეშ ქვეყანა გარკვეულ რეგრესს განიცდის.
„ქართველი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია ზოგიერთი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერის განცხადება, რომ რეალობა ძალიან კარგია, მაგრამ ხალხი ვერ ხვდება, რადგან ერთ-ერთი ტელევიზია სურათს ამახინჯებს. ხალხი ხედავს, რა სიტუაციაა, მაცივარში რა აქვს და მისი ცხოვრება გაუარესდა, თუ გაუმჯობესდა. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი არჩევანს აკეთებს ქვეყნის წინსვლაზე, იმაზე, რაც ჩვენ მოგვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.