ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერქმევა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომელსაც გირჩი ერქმევა, თუმცა სრული სახელი იქნება განსხვავებული „გირჩი მეტი თავისუფლება“.
„დღეს გვაქვს ყრილობა, სადაც ფორმალური ნაწილი გვაქვს გასავლელი, რათ რეგისტრაცია გავიაროთ, რეგისტრაცია კი გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს ფურცელი, რომელიც შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაგვჭირდება, რომ ფორმალურად პოლიტიკურ პარტიას ცნობდეს სახელმწიფო. შესაბამისად, ამ პროცედურებს გავივლით, ნაწილი არის თავმჯდომარის არჩევა, პოლიტსაბჭოს არჩევა და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები რეალურად უკვე ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ, რომ საბუთები მოვაწესრიგოთ და შევიტანოთ განაცხადი რეესტრში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე თავად იქნება.
კითხვაზე, რითი იქნება განსხვავებული ეს პარტია, იმ „გირჩისგან“, რომლის წევრიც მანამდე იყო, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს იქნება უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის.
„გირჩმა“ რაც შეძლო ბოლო პერიოდში არის ის, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოუბრუნდა გული პოლიტიკისკენ და აღარ უყურებენ ისე, რომ პოლიტიკა არის ბინძური, მე მას არ გავეკარები. მათ აქვთ ბევრი ინიციატივები და იდეები, რომლებიც ჩემი აზრით, უნდა სცადონ და ისინი გახდებიან „გირჩის“ ახალი ცნობადი სახეები. ატრიბუტიკა ლოგო და დროშა იგივე გვექნება, საარჩევნო ნომრები რა თქმა უნდა, სხვადასხვა იქნება. ვფიქრობ, „გირჩის“ ამომრჩეველი უპრობლემოდ გაარჩევს, გონიერი ხალხი არიან. დანარჩენი არის პოლიტიკურ კამპანიაზე და აქტივობებზე. დროთა განმავლობაში მგონია, რომ რაღაცას მოვიგონებთ. რაღაცას დაუძახებთ იმათ და რაღაცას დაგვიძახებთ ჩვენ. ლოგოზე და დროშაზე მათ პრეტენზია ვერ ექნებათ, რადგან არც ისინი და არც მე, არ ვაღიარებთ საავტორო უფლებებს და ეგეთ რაღაცებს. შესაბამისად, ასეთებზე ერთმანეთს არავინ ვუჩივით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.