ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ „ქვეყანა რუსეთის ჭაობისკენ“ მიემართება, ხელისუფლება არ ცდილობს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული 12 პუნქტის შესრულებას და ახშობს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მათი შეფასებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის გამოფხიზლება და დიდი ერთობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს.

„საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი პროდასავლელია, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ პრორუსულ უმცირესობას სურს, ქვეყანა ჩაძიროს რუსულ ჭაობში. ჩვენი ეს შეხვედრები, რომელიც ყველა ქალაქსა და რაც შეიძლება მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს მოსახლეობის გამოფხიზლება და დიდი ერთობის შექმნა, რომელიც შეძლებს ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნოს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ერთობაში გულისხმობენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“. მათი შეფასებით ამ პარტიაში მიმდინარე პროცესები შიდაპარტიული საკითხია, მათი გადასაწყვეტია, თუმცა ეს პროცესები ერთობას ხელს არ შეუშლის.

ბათუმში შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.