ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დააყენოს ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმების საკითხი
ეს გადაწყვეტილება არის სულელური. გასაჩივრებასაც გავაკეთებ, ალბათ, მაგრამ გასაჩივრების გარდა ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითონ დააყენონ საკითხი, ჯაფარიძეს გაუუქმდეს მანდატი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ დღის წესრიგში არ იყოს ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია და ურჩევნია დღის წესრიგში იყოს ამბავი, შედიან ვიღაცები პარლამენტში თუ არ შედიან“.
კითხავზე, მოიაზრებს თუ არა, რომ ერთი დღით, საკუთარი მანდატის გაუქმებისთვის პარლამენტში შევიდეს, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.
„მე არ ვაპირებ იქ შესვლას და არ ვიცი რამდენად არსებობს ეს პროცედურა. არამგონია, ეგ სერიოზული იყოს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რომ ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, ჯაფარიძე აღნიშნავს, „ამ საკითხზე საჯარო განცხადებებიც ჰქონდათ გაკეთებული ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოლაპარაკებები იწყებოდა“.
„მაშინაც კი პოზიცია იყო ასეთი, რომ ისინი არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“, არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ მართლა შემსრულებელია, თუნდაც დასთანხმდეს იმ მოთხოვნებზე. ერთადერთი ბერკეტი არის ბოიკოტი ოპოზიციის ხელში და ისინი ფიქრობდნენ, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნებოდა პარლამენტში არ შევიდოდნენ. ამაზე საჯაროდ აქვთ გაკეთებული განცხადება, მე რატომ უნდა დავასახელო პარტიები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.