ზურაბ ჯაფარიძე - ყოფილი თანამდებობის პირების განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ეხება სერიოზულ პრობლემას, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის სერიოზულ პრობლემას, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს ეხება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ რამე დაემართება, ქვეყანას რაიმე პერსპექტივა არ ექნება.
„თავისთავად განცხადება მნიშვნელოვანია. ეხება სერიოზულ პრობლემას ქვეყანაში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. თუ ამ კუთხით სერიოზული პრობლემები იქნება, ამას სერიოზული გავლენა ექნება, მათ შორის, ქვეყნის მომავალზე. არ მჯერა, რომ სააკაშვილს თუ რამე დაემართება, ამ ქვეყანას რაიმე პერსპექტივა ექნება. იქნება ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, თუ ზოგადად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ გეგმებს არ იცნობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს არ ვიცნობ. რაღაც ტიპის კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის შიდაპარტიული ამბები და მათი გადასაწყვეტია. მათ შორის ახლა კამპანია აქვთ, რაღაც პროცესები. დეტალებში ვერ ვადევნებ თვალყურს. გააჩნია, რა ტიპის აქციები იქნება. რაღაც ტიპის აქციებს შეიძლება, შევუერთდეთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.