თუ არ შემიჩერეს უფლებამოსილება, ბარს გავაგრძელებ ჩვეულებრივად. თუ შემიჩერეს, ბარს მაინც გავაგრძელებ, უბრალოდ, მოუწევთ ფიზიკურად ბარის გაჩერება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
„ბარი მაქვს გახსნილი, როგორც პროტესტის ფორმა. ვაპროტესტებ ყველა არსებულ რეგულაციას. ვარღვევ კომენდანტის საათს და შიგნით შეკრების წესს. წესით, ლოგიკურად, შსს-მ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ იმის გამო, რომ არ შემიჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება, მაქვს დეპუტატის იმუნიტეტი. შესაბამისად, უნდა მიმართონ პარლამენტს, რომ პარლამენტმა შემიჩეროს უფლებამოსილება. შესაბამისად, კობახიძეების გადასაწყვეტი იქნება, ამჯერად შემიწყვეტენ თუ არა და იტყვიან, დავიცვათ საბოტაჟისგანო და დამიტოვებენ უფლებამოსილებას. თუ არ შემიჩერეს უფლებამოსილება, ბარს გავაგრძელებ ჩვეულებრივად. თუ შემიჩერეს, ბარს მაინც გავაგრძელებ, უბრალოდ, მოუწევთ ფიზიკურად ბარის გაჩერება. როგორ იზამენ, არ ვიცი, შეიძლება დალუქონ, შეიძლება დაცვა დააყენონ. ყველაფერს ველოდები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს. ჯაფარიძე გუშინ უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი დღესაც გახსნა. ბარში დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა.