ზურაბ ჯაფარიძე - ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ცხარე კამათიც გვქონდა, თუმცა მთავარია, რომ ოპოზიცია ერთიანია
„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე იმსჯლეს, მათ შორის იყო ცხარე კამათიც, თუმცა, საბოლოო ჯამში პოზიციები შეაჯერეს.
„არაფერი პრინციპული ცვლილება არ არის, ცხადია, ოპოზიცია არის ერთიანი, მათ შორის, რჩება ბოიკოტის რეჟიმში, ვსაუბრობდით სხვადასხვა ტიპის საკითხზე, უბრალოდ, პოზიციები შევაჯერეთ და, ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ შევხვდეთ მოდერატორებს და დაველაპარაკოთ, ერთიანი პოზიციით.
მილიონ საკითხს განვიხილავთ, სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა მოსაზრება აქვს. კი, ცხარე კამათიც გვქონდა, რა პრობლემაა, მთავარი არის ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, საბოლოო ჯამში შევაჯერეთ პოზიციები და ჩემი აზრით, მზად ვართ, რომ შევხდეთ მოდერატორებს“, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დაფინანსების საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„ერთიანი პოზიცია ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივალთ ოპოზიცია ისევ ერთიანი პოზიციით, ამ შემთხვევაში, დღეს საერთოდ განხილული არ ყოფილა დაფინანსების საკითხი, ეს უკვე აღსრულებული ფაქტია. ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როცა მიიღეს დაფინასნება, მაგრამ დღეს ეს განხილვის საკითხი საერთოდ არ ყოფილა. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვილაპარაკეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილია მათ შორის ვადამდელი არჩევნები.
„სრული პაკეტია, ჯერ მოდერატორებს გავაცნობთ. რაღაც ნაწილში გაიზარდა მოთხოვნების ჩამონათვალი, რაღაც ნაწილში დაზუსტდა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება თქვას „გირჩმა“ უარი ბოიკოტზე.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მილიონნაირი პაკეტი შეიძლება იყოს, რომელშიც მე ბოიკოტს გავცვლი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პაკეტების შესრულებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და „გირჩი“ პარლამენტში არ შევა ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის. თუ ოპოზიცია არ იქნება ერთიანი, არაფერს აზრი არ აქვს, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, მორჩა, სასამართლოში რეფორმას ვატარებ და ამის გამო, მე შევალ პარლამენტში, არა, ძალიან ცდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და ვერც ერთი კანონის, მათ შორის ვერც ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას ვერ და არ მიიღებს.