ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე აქეთ მხარეს არ იქნება ძლიერი ძალა, „ქართული ოცნება“ გადატკეპნის არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის უფლებებს, არამედ ქვეყნის მომავალს
ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე აქეთ მხარეს არ იქნება ძლიერი ძალა, „ქართული ოცნება“ გადატკეპნის არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის უფლებებს, არამედ ქვეყნის მომავალს

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის კიდევ ერთხელ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოდის დასავლეთისგან, ევროკავშირისგან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში შეფასდა ის, რაც მოხდა ქვეყანაში ამ ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატობის სტატუსზე.

„დღეს ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში. ექვსი თვე გავიდა, რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატობის სტატუსზე. ამ ანგარიშში, პრაქტიკულად, მოხდა შეფასება იმისა, რა მოხდა ამ ექვსი თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყანაში არის გაუარესება. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არ არის უტვინობა, ეს არ არის შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება დაპირისპირება. იქამდე, ვიდრე აქეთ მხარეს არ იქნება ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის უფლებებს, არამედ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება აქეთ მხარეს ერთობა და ჩვენ ვაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ურთიერთობა შედგეს და, საბოლოო ჯამში, დავამარცხოთ ეს სისტემა და ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.