ზურაბ ჯაფარიძე - ვფიქრობ, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით
ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ამისთვის უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჩატარდება ისე, როგორც ამაზე პარტიები შეთანხმდნენ.
თუმცა, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
„კითხვა იყო, არსებობს თუ არა რამე, რაც შეიძლება იყოს, თუ ვადამდელზე არ არიან თანახმა, რაში შეიძლება, ბოიკოტი გაიცვალოს. ბოიკოტი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი და კარგია, რომ მთელი ოპოზიცია ახლა არის ერთიანი და ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ, კი, ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება თანაზომადი იყოს ვადამდელი არჩევნების. მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა. ცხადია, თავისი გარანტიებით, რომ ეს რეფორმა ისე ჩატარდება, როგორც ამაზე ხელი მოაწერა ბევრმა პარტიამ. უბრალოდ, ეგ ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლების დათმობას, რაზეც მე არა მგონია, რომ ის წამოვიდეს. კითხვა დამისვეს და ამ კითხვაზე ვუპასუხე, რომ, კი, ეგეთი ვერსიები არსებობს, უბრალოდ, ყველა მათგანი ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას და, ჩემი აზრით, ის ამას არ იზამს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი მართლმსაჯულების რეფორმას არ დათანხმდება.
„არ მჯერა მაგის, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რაზეც დგას მისი ძალაუფლება და ის იმას არ დათმობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „მართლმსაჯულების რეფორმის გარდა, კიდევ რას გაცვლიდნენ ბოიკოტში“, ჯაფარიძე ამბობს, რომ ესაა ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორისაა შეთანხმებული.
„მაგაშიც გავცვლიდი, ოღონდ ეგეც ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას და მაგაზე წამსვლელი ეგ არ არის“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.