ზურაბ ჯაფარიძე - ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ ბოიკოტში კარგი არაფერი არ არის, თუმცა ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება
ზურაბ ჯაფარიძე - ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ ბოიკოტში კარგი არაფერი არ არის, თუმცა ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება

ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ ბოიკოტსა და კრიზისში კარგი არაფერი არ არის, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის ბოიკოტი გამარჯვება არ არის.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბოიკოტში კარგი არაფერია, თუმცა ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და არა – ოპოზიცია.

„ზოგადად, ბოიკოტში არაფერი კარგი არ არის. ვეთანხმები ქალბატონ სალომეს ამ შემთხვევაში, ბოიკოტში კარგი არაფერი არ არის, არც იმაში არაფერი არ არის კარგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, უბრალოდ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა – ოპოზიციური პარტიები. ამიტომ კი, ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან, ქვეყანაც არის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ოღონდ ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შესვლას დათანხმდეს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ოპოზიციაში არანაირ განხეთქილებაზე საუბარი არაა.

„მე ვისთანაც მაქვს საუბარი, არანაირ განხეთქილებაზე საუბარი იქ არ არის. ამ მოცემულობაში პარლამენტში შესვლას არ აპირებს არავინ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას.

„პარტიები მუშაობენ მაგაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ოღონდ უკეთესი მომავალი ვერ ექნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით და პარლამენტში უბრალოდ ბუტაფორიის სახით ოპოზიციის შესვლით. ამიტომ მნიშვნელოვან ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ გამოსავალში არ ვეთანხმები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.