ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებ, ბრიუსელს ვეჭიდაო, ვეკამათო და ვევაჭრო კონკრეტულ რეგულაციებზე
ვაპირებ, ბრიუსელს ვეჭიდაო, ვეკამათო და ვევაჭრო კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი მოგვცემენ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს კურსი უალტერნატივოა და ქვეყანას სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი არ აქვს, მაგრამ ქვეყანამ არ უნდა აიღოს სულელური ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა, საზიანო იყოს. ევროკავშირი და ბრიუსელი არ არის საბჭოთა კავშირი, საიდანაც ინსტრუქციები მოდიოდა და ჩვენ მათ მონებივით ვასრულებდით. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას წარმოუდგენია, რომ ევროკავშირთან ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს მართლაც მონებივით ემორჩილებიან. იქ დემოკრატიაა, რაც მათ შორის, იმას გულისხმობს, რომ კამათიც მოსულა, ვაჭრობაც და ნებისმიერი რამეც“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, როგორ მოახერხებს ის ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მაშინ, როცა მისი პარტიის იდეოლოგია ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის იმ რეგულაციებს ან მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებენ.
შეკითხვაზე, როგორც თავისუფლების აპოლოგეტი და რეგულაციების მოწინააღმდეგე, როგორ აფასებს იმას, რომ ქვეყნის კანონმდებლობა საგარეო პოლიტიკის უცვლელობას განსაზღვრავს, კონსტიტუციის მიხედვით, ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა უწყობდეს ხელს და მიიჩნევს თუ არა, რომ მსგავსი ჩანაწერი თავისუფლების აქტი აღარ არის, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს საკამათო თემაა, მაგრამ თუ ბევრ რაღაცას ასე დავწურავთ, შესაძლოა, კონსტიტუციაში არც არაფერი დარჩეს.
„კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი სახელმწიფო ხარ. მე მხარს ვუჭერ, კონსტიტუციით განისაზღვროს მთავარი პრინციპები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის, მათ შორის, პრინციპული საკითხია, განვსაზღვროთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო და არის. თუ ეს კონსტიტუციაში დაფიქსირდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არ ეთანხმება აზრს, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს პროზელიტიზმი უნდა აეკრძალოთ, რადგან როცა ადამიანს ე.წ. პროზელიტიზმს აუკრძალავ, ეს გამოხატვის თავისუფლების აკრძალვაა.
„არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს, მათ შორის, ქრისტიანული გადმოსახედიდან, რადგან ასეთი აკრძალვები რომ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ გავრცელდებოდა და დღეს ქრისტიანული ქვეყანა არ ვიქნებოდით. მგონია, რომ ადამიანის თავისუფლების ნაწილია, იაროს და თუ საკუთარი რწმენა გააჩნია, გაავრცელოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს პროზელიტიზმი უნდა აეკრძალოთ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის საშუალება, საკუთარ ტერიტორიაზე ის მცენარეული კულტურა მოიყვანონ, რაც უნდათ.
„ეს არც გუგულის გადასაწყვეტი უნდა იყოს, არც ბიძინას და არც არავისი. ამ ქვეყანაში კერძო მესაკუთრეები უნდა არსებობდნენ. მიწების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და პირველ რიგში, ტერიტორიები ხალხს უნდა დაუბრუნდეს. მერე ამ მიწებზე მოქალაქეებმა რაც უნდათ, ის უნდა აკეთონ. თუ დაინახავენ, რომ ეს მომგებიანია, უნდათ სამედიცინო მარიხუანა მოიყვანონ, უნდათ რეკრეაციული და უნდათ ნებისმიერი კულტურა, რაც მათ საშუალებას მისცემს, სიღარიბიდან ამოვიდნენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ დებატში მონაწილე კანდიდატის, კახა კუკავას შეკითხვას უპასუხა, გუგული მაღრაძისა და ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ისიც მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოს რეგიონებში კანაფიც ისევე უნდა გავაშენოთ, როგორც კიტრი, პამიდორი და კარტოფილი.