ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია კვლავ ითხოვენ იმ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც დეპუტატობა არ შეუჩერდათ
ზურა გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოსგან კვლავ ითხოვენ, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ შეუჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება.
სარჩელის შეტანიდან დღემდე რეალობა შეიცვალა და ოპოზიციონერი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში შევიდა, თუმცა არც ერთ მოსარჩელეს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელს დღეს არსებითად განიხილავს.
სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეები საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ.
ტურავა არ აკონკრეტებს საკუთარ პოზიციას, იყო თუ არა პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური.
საქმე დისტანციურ რეჟიმში განიხილება. წინა სხდომა თამარ კორძაიას შუამდგომლობით გადაიდო.