ზურაბ ჯაფარიძე - სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიას, მე ხმა მივეცი „გირჩის“ კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს
„გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ვაკის 49-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი თავი შემოხაზა.
„სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიასა და ნათელ მომავალს, უღრუბლო ცას. მე მივეცი ხმა „გირჩის“ კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს. შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ ამით რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ მკიდია. ჩემს თავს მივეცი ხმა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სხვას შემოვხაზავდი – არა, საკუთარ თავს დავუჭირე მხარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე.
„ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, აქტივობა დაბალია. დაბალი აქტივობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გამოიყვანს თავის პარტაქტივს, საჯარო მოხელეებს, ადმინისტრაციულ რესურსს. დათვლილი აქვთ ეს ხმები და ზუსტად იციან, რომ გადალახავენ 50 პროცენტს. თუ ბევრი ხალხი მივა, მათი დათვლილი რაოდენობა ვეღარ იქნება 50 პროცენტზე მეტი და მაშინ მეორე ტური დაინიშნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.