ზურაბ ჯაფარიძე - მანდატების გაუქმება ჩემთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასასრულს არ ნიშნავს
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მანდატების გაუქმება მისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასასრულს არ ნიშნავს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისთვის მოლაპარაკების მიზანი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ ყოფილა.
,,მანდატების გაუქმება მოლაპარაკებების დასასრული რატომ არის, ეს ჩემთვის გაუგებარია. მოლაპარაკებები ჩემთვის არ ყოფილა არასდროს შესვლა-არშესვლაზე მოლაპარაკებები. გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს იყო ერთ-ერთი თემა განხილვის. პოლიტიკური კრიზისი არის განსამუხტი და ეს მაინცდამაინც შესვლა- არშესვლასთან არ არის დაკავშირებული. თვითონ განცხადებას რაც შეეხება, ზოგადად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინმემ დამტოვოს სადღაც რამე სამსახურში, გინდ პარლამენტი იყოს ან ნებისმიერი სხვა. როგორ შეიძლება, არ მინდოდეს და მაიძულებდნენ, იყავიო. საწყენია, რომ პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა და ამ პრინციპზე დგას, თხოვნით მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, ამ ხალხის მიერ დადასტურებული ნება, ვინც განცხადება დაწერეს, ჩემი ჩათვლით, არ დაუკმაყოფილოო. გინდა თუ არა, მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვეთ პარლამენტშიო. საწყენია ეს, მეტი არაფერი. შესვლასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და შეუძლებელია შეცვლილიყო. ერთადერთი ახალი მოცემულობა არის, რომ ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მაგრამ ამით არ შესრულებულა ყველა პირობა, რომელიც იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე.
მანდატების გაუქმებაზე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. საღი აზრი არის, რომ ათეულობით ადამიანმა დაწერა განცხადება მანდატების გაუქმებაზე და ეს უნდა დაუკმაყოფილო. ძალით დატოვო ადამიანები სამსახურში, არის სიგიჟე. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგ სისულელეზე შეიძლება, წავიდნენ.
პრინციპში, ყველაფერი წარმომიდგენია, მაგრამ მაინც ნამეტანია მაგათვისაც კი. მცდელობა ჰქონდათ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დაეხატათ მრავალპარტიული პარლამენტის სურათი და მათი მოტივაცია ხომ არასდროს ყოფილა მართლა პოლიტიკური კრიზისი განემუხტათ. მაგის გამო სწორედ ისინი სერიოზულად ამ თემას არ უდგებოდნენ. მუდმივი მცდელობა იყო, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებით დაეშინებინათ პარტიები, დაეშანტაჟებინათ, შეეტყუებინათ შიგნით, ამიტომაც გაწელეს ეს პროცესი.
გასაგებია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან პირველივე დღიდან არავის ჰქონდა მოლოდინი, ვინმე იტყოდა, ქუჩაში დარჩით და ბოიკოტი გამოაცხადეთ, ეგეთი მოწოდებები არ ხდება. მათი პოზიცია არის, რომ უნდათ სტაბილურობა, სიწყარე, მშვიდობა და ა.შ. გამოსავალს ხედავენ ამაში. მიდგომაა ასეთი, რომ ასე უყურებენ, თითქოს ეს იყოს განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, სადაც პარლამენტი მართლა პარლამენტია და პარლამენტის გამოყენებით მართლა შეგიძლია რაღაცა გააკეთო. არ არის ეგრე. ამ ქვეყანაში ინსტიტუტები ინსტიტურები არ არის, სახელები ჰქვიათ უბრალოდ.“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხევა ოპოზიციის გეგმებს, ამ საკითხზე საუბრისას ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მას შეუძლია ისაუბროს, თავად რა გეგმები აქვს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი ამოცანაა, ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში მოქმედებს, მოიხსნას.
„ეს კითხვა არ მესმის ხოლმე, რა არის ოპოზიციის გეგმა. ოპოზიციაში არის უამრავი პარტია, რაღაც საკითხებზე მაქვს კომუნიკაცია. ძირითადად მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, შემიძლია გითხრათ, მე რა გეგმები მაქვს. ჩემი ამოცანა არის ყველა შეზღუდვა, რაც დაწესებულია, მოიხსნას. მაგისთვის ვაკეთებ ყველაფერს. სხვები რას აკეთებენ, მართლა არ ვიცი, ინდივიდუალური ამბავია.
უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არაფერი იქნება. მოლოდინი არ მაქვს, რომ ერთ-ორ კვირაში ხელისუფლება აზრზე მოვა. რისი იმედიც მაქვს, არის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს ძალა და ამის შემდეგ რამე დაათმობაზე წავიდეს და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ მათ ძალა არ დაინახეს, არაფრის დამთმობები არ არიან და შესაბამისად, რაზე უნდა დაგიჯდნენ, რაზე უნდა გელაპარაკონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ძალაში აქციებს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ამას არ გამორიცხავს.