ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი გორგაძეს, ზვიად ბაღდავაძესა და მიხეილ ანთაძეს დებატებს სთავაზობს
პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დისკუსიასა და საუბრებს სთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, ასევე „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ირაკლი გორგაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილი ბლოკიდან კი – „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელ ზვიად ბაღდავაძეს, “სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენელ მიხეილ ანთაძეს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ ამ კანდიდატებთან გვაქვს კონკრეტული შეკითხვები, რაზეც გვაინტერესებს კონკრეტული პასუხები. მაგალითად, გვაინტერესებს რისი და როგორი სახელმწიფოს მოწყობის სჯერა ქალბატონ ზურაბიშვილს. ასევე გვაინტერესებს, რა არის ტექნიკური კანდიდატი და რა მოტივაცია აქვთ ადამიანებს ამ პოზიციაზე. ვფიქრობთ, ამ კითხვაზე პასუხს ტექნიკური კანდიდატები თავად გაგვცემენ.
ჩვენი არჩევანი ამ კანდიდატებზე შეჩერდა იმ ფაქტორის გამოც, რომ სხვა შანსი ამ ადამიანებთან საჯაროდ საუბრის, გასაგები მიზეზების გამო, შეიძლება არ არსებობდეს.
ჩვენი მხრივ, ვდებთ პირობას, ყურადღებით მოვუსმენთ სხვა კანდიდატების შეკითხვებს და ყველაფერზე ვეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ. ჩვენთვის მისაღებია ქვემოთ მოცემულ თარიღთაგან ნებისმიერი: 8, 9, 11, 15, 18, 22 და 23 ოქტომბერი, საღამოს 22:00 საათი. მადლობას ვუხდით პირველი არხს შემოთავაზებისთვის“, – აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.
დღეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ პირველი არხის ეთერში დებატებში იწვევს სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს.
პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.