ზურაბ ჯაფარიძე - საკითხებზე, სადაც თანხვედრა იყო, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები, ეს ძირითადად ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას და პროცედურებს
ზურაბ ჯაფარიძე - საკითხებზე, სადაც თანხვედრა იყო, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები, ეს ძირითადად ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას და პროცედურებს

საკითხებში, სადაც თანხვედრა იყო, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები, ეს ძირითადად ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას და საარჩევნო სისტემას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ შეინიშნება.

„რაღაც საკითხები იყო, ტექნიკური საკითხები, სადაც თანხვედრაა. გუშინ გავიარეთ პუნქტობრივად ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ხელისუფლების მოტანილი წინადადება. გუშინ გამოიკვეთა გარკვეულ პუნქტებში თანხვედრები და ასევე პუნქტები, სადაც პოზიციები ძალიან დაცილებულია. დღეს უბრალოდ სადაც თანხვედრა იყო, დაზუსტდა ტექნიკური რაღაცები. ეს ეხება ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო პროცედურებს . მეტი რომ გითხარით, რამე განსაკუთრებული წინ გადადგმული ნაბიჯია, არაფერი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არანაირი წინსვლა არ არის და პოზიციები არ დაახლოებულა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ამ მოლაპარაკებებს აზრი, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ აქვს.

„კი, ჩემი აზრით, ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი მაინც“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, პარლამენტში მე არ შევდივარ.

ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს თვითონ ჰკითხეთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ პოზიციაზე ვიყავით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ მოლაპარაკების დეტალები გასაჯაროებულიყო, თუმცა ფასილიტატორების აზრით, ეს პროცესს დააზიანებს.

„იქაც იყო განხილვა. გვინდოდა, რომ საჯარო ყოფილიყო ეს ყველაფერი, თუმცა მომლაპარაკებლის პოზიცია იყო ის, რომ თუ ყველაფერი გასაჯაროვდება, ამან შეიძლება დააზიანოს მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.