ზურაბ ჯაფარიძე სახელს აღარ შეიცვლის, რადგან „გირჩს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა შეეძლება
ზურაბ ჯაფარიძე სახელს აღარ შეიცვლის, რადგან პარტია „გირჩს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა შეეძლება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია“.
შესაბამისად, ცესკო-ს მიერ დადგენილ ახალ კრიტერიუმს „გირჩი“ უკვე აკმაყოფილებს.
კომისიის გადაწყვეტილებას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ცესკო-მ, გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო. დღეს დაადგინა. მადლობა, რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად“, – წერს ჯაფარიძე.
პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი.