ზურაბ ჯაფარიძე - საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკო-სთვის მიმართვა არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა.
მისივე შეფასებით, საბიუჯეტო დაფინანსების აღება და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ერთმანეთთან შეუთავსებელია.
„პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების.
გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება.
ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას. მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას. პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.
მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება.
ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.