ზურაბ ჯაფარიძე - რამდენადაც ვიცი, ახლა ოპოზიციას ერთიანი გეგმები არ აქვს, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიასთან მიმართებაში
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეს თავიდანვე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
„არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ ყოფილა, მცდელობაც არ ყოფილა, ამიტომ გასაგებია, მოტივაცია რა არის. საბოლოო ჯამში რას იზამენ, არ ვიცი. გუშინ მდინარაძის განცხადება მეც მოვისმინე, სავარაუდოდ, იმუნიტეტს მოუხსნიან, ამის შემდეგ რას გადაწყვეტს პროკურატურა და სასამართლო, ამას ვნახავთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, ნიკა მელიას დაკავებას არ გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, არც დაკავებას და არც იმას, რომ შეუცვალონ აღკვეთი და არაფერი ქნან“, – დასძინა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება, გამართავს თუ არა ოპოზიცია აქციებს, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
„გააჩნია, რას გააკეთებენ. რამდენადაც მე ვიცი, ახლა, ამ წუთში ოპოზიციას ერთიანი გეგმები არ აქვს, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მელიასთან მიმართებაში. ზოგადად, მე რითიც ვარ დაკავებული, ვაპროტესტებ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მგონია, რომ ახლა ეს არის მთავარი პრობლემა, ეს ბარიც არის ამ პროტესტის ფორმა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.