ზურაბ ჯაფარიძე - ქცევის კოდექსზე ხელმოწერით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ერთმანეთს წიხლები არ უნდა ვურტყათ
ქცევის კოდექსზე ხელმოწერით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ერთმანეთს წიხლები არ უნდა ვურტყათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის შემუშავებულ ქცევის კოდექსზე ხელმოწერისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელმოწერა, მისი აბუჩად აგდება იქნებოდა.
„ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ ერთმანეთს დედა არ უნდა ვაგინოთ და წიხლები არ უნდა ვურტყათ. ესაა მოკლე შინაარსი. „ოცნებასთან“ ერთად ხელმოწერას რა შინაარსი აქვს? რაზეც შეგვითანხმდნენ ყველაფერი დაარღვიეს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ რაზეც შუთანხმდნენ ქართულ საზოგადოებას ან საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა გადაყარეს. მათთან საერთოდ რამეზე ლაპარაკს და ხელმოწერას შინაარსი არ აქვს. მათთან ერთად ხელის მოწერა იქნებოდა ამ დოკუმენტის აბუჩად აგდება, ამიტომ ვაწერთ ხელს ცალკე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.