ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ „იდიოტური“ წინასაარჩევნო სტრატეგია აირჩია, ვერც ერთი პარტია და ხელისუფლება ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ
„ქართულმა ოცნებამ“ „იდიოტური“ წინასაარჩევნო სტრატეგია აირჩია, ვერც ერთი პარტია და ხელისუფლება ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და კახა კალაძის რიტორიკა შეიცვალა, რაც აჩვენებს, რომ შეშინებული არიან.
„თუ ატყობთ, ღარიბაშვილის განცხადებებს, როგორ შეიცვალა კალაძის რიტორიკა, ზოგადად, რა ქმედებებზე არიან გადასული, მათ შორის ახალი დაპირებების სროლა დაიწყეს. ეგ ყველაფერი აჩვენებს, რომ შეშინებული არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ამბობს, „მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე“, არის მოქალაქეების შანტაჟი.
„ეგ განცხადება არის შანტაჟი ამ ქვეყნის მოქალაქეების. აშანტაჟებენ თბილისის მოქალაქეებს და ეუბნებიან, თქვენ თუ არასწორ არჩევანს გააკეთებთ, თბილისის მთავრობა ვერ იმუშავებს. ჩვეულებრივი შანტაჟია. სინამდვილეში, შინაარსი არ აქვს. ეგეთი „იდიოტური“ წინასაარჩევნო სტრატეგია აირჩიეს. ვერც ერთი პარტია, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს „პანიკის არაფერი ეტყობათ“.
„ჩვენ რამე გვეტყობა პანიკის? დავდივართ და ხალხს ველაპარაკებით. ეს ქმედებები, მათ შორის ხელყუმბარების ჩადებები აჩვენებს იმას, რომ ისინი შეშინებული არიან. რაღაც თვალსაზრისით, ალბათ, რღვევა არის დაწყებული „თოფიანი ხალხის“ სისტემაში, სუს-ი იქნება, თუ შსს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.