ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის აწევას თუ ეცდება, ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმების მორიგი დარღვევა
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საარჩევნო ბარიერი ბუნებრივი უნდა იყოს.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის შარლ მიშელის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებაზე პოლიტიკურ მხარეებს შორის მუდმივად კამათი მიმდინარეობდა, ბოლოს კი კონსენსუსს მიაღწიეს და საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე შემცირებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ახლა „ქართული ოცნება“ კოლეგებს სამპროცენტიან საარჩევნო ბარიერს თუ შესთავაზებს, ამით 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევს.
„ჩემი აზრით, ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი. ეს არის ერთადერთი სამართლიანი ბარიერი, რაც შეიძლება არსებობდეს. თუმცა მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის მიშელის მედიააციით მოლაპარაკების მაგიდაზე, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობდა, ბარიერი ყოფილიყო სამი პროცენტი, ამაზე იყო მუდმივი კამათი. მე ვიყავი გამორჩეულად, ვინც იცავდა ბუნებრივი ბარიერის თემას, მაგრამ საბოლოო ჯამში კონსენსუსის სახით მედიატორებმა შემოგვთავაზეს ბუნებრივიდან ორ პროცენტამდე ბარიერი, რაც ჩაიწერა. თუ ისინი ეცდებიან, ბარიერი უფრო აწიონ, კიდევ ერთხელ მორიგი დარღვევა იქნება 19 აპრილის შეთანხმების და კიდევ ერთი გაქცევა ამ შეთანხმებიდან, რაც საერთოდ არ გამიკვირდება. ბოლომდე დაიკიდეს ყველაფერი და არაერთ ნაწილში, მათ შორის მართლმსაჯულების, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს ნაწილში დაარღვიეს, რაც იყო პრინციპული საკითხი ჩვენი და პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.