ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტობა იმისთვის მჭირდება, რომ ეს ქვეყანა ამოვაყირავო და გაცილებით უკეთესი ქვეყანა დავტოვო
პრეზიდენტობის სავარძელი იმისთვის მჭირდება, რომ ეს ქვეყანა ამოვაყირავო, რაც ახლა გვაქვს, ამ ჭაობში კარგად ამოვურიო და მათ შორის, კეთილდღეობის თვალსაზრისით, ექვსი წლის შემდეგ გაცილებით უკეთესი ქვეყანა, უფრო მეტი თავისუფალი ადამიანი დავტოვო, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქვეყნის უფრო მეტი თავისუფალი ადამიანის ხელში დატოვების შემთხვევაში, მეც უფრო მშვიდად ვიქნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, არჩევნებზე მისი მთავარი მიზანი მოგებაა, მაგრამ „გირჩს“ არჩევნების გარეშეც ათასნაირი ფორმა აქვს მიღებული, ის პოლიტიკური ორგანიზაციაც არის, არასამთავრობოც, რელიგიურიც და ახლა კომერციულ ორგანიზაციასაც ქმნის.
„ჩვენ ყველანაირ ფორმას ვიღებთ, ოღონდ იმ იდეებისთვის ვიბრძოლოთ, რისიც გვჯერა. არჩევნებიც დამატებითი ბერკეტია, რომელიც შეიძლება, არჩევნების გზით ხელში ჩავიგდოთ – ეს არის საპრეზიდენტო ტრიბუნა და მათ შორის, საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პრეზიდენტს ექნება, რადგან ის პირდაპირი წესით იქნება არჩეული. ამ ბერკეტის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ჩვენს მიზნებს უფრო სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე აქამდე ვაღწევდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ელოდება პოლიტიკურ გაერთიანებას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე „გირჩისთვის“ სასურველი შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში დადგება, რადგან ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც „გირჩი“ გაიზომება და ნებისმიერი პროცენტი, რაც არ უნდა აჩვენონ, მათთვის მოგებაა.
„ცხადია, გვინდა, მეორე ტურში გავიდეთ და არჩევნები მოვიგოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დღესვე მოგებული ვართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.