ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს
არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიებისა და შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ შეეძლება თქვას, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, შეთანხმება შედგება.
„პირველი შეხვედრაა. მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იქნება იმ ექვსი პუნქტის გარშემო, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეადგინა. ამ წუთებში იმაზე საუბარი, სად წავა დისკუსია და როგორ წარიმართება, გამიჭირდება. რომ გამოვალ, შემეძლება გითხრათ, როგორი ატმოსფერო იყო და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, შევთანხმდებით, თუ არა. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს და მეორე არის ის რომ, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ.
ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე სისტემით, რაცაა წამალი ერთპარტიული მმართველობის, ისევე როგორც გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც ეს ქვეყანა დააქცია. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს. რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, შევთანხმდით იმაზე, რომ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე. არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.