ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკურ სპექტრში სრული საგიჟეთია, რადგან პარტიებს არანაირი საყრდენი და საფუძველი არ აქვთ
ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკურ სპექტრში სრული საგიჟეთია, რადგან პარტიებს არანაირი საყრდენი და საფუძველი არ აქვთ

„გირჩი“ არავის ანაცვლებს, არამედ ჩვენს ნიშას ვაფართოებთ, რომელიც საერთოდ აუთვისებელია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ასათვისებელია არა მხოლოდ „გირჩის“ ნიშა, არამედ – რაღაც პრინციპებსა და იდეოლოგიებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიების ნიშები.

„ის, რაც ახლა პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სრული საგიჟეთია, რადგან პარტიებს არანაირი საყრდენი და საფუძველი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვინ არის „გირჩის“ მთავარი კონკურენტი და სამიზნე მომავალ არჩევნებში და ვინ უნდა ჩაანაცვლოს „გირჩმა“ პოლიტიკურ სპექტრში ადგილის დასაკავებლად.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რას აპირებს „გირჩი“ სკოლებთან და პენსიონერებთან მიმართებით, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლები უნდა გაიყიდოს და კერძო საკუთრება გახდეს. მისი აზრით, თუ ღარიბებს შვილების განათლებისთვის დახმარება დასჭირდებათ, შესაძლოა, სახელმწიფომ ამისთვის პირდაპირ ფული მისცეს.

რაც შეეხება პენსიებს, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ პენსიის რაოდენობა მოქალაქის სოციალური მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს და არა ასაკობრივი კრიტერიუმით.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, მისი სტრატეგიის მიხედვით, პენსიონერთა იმ კატეგორიას, რომელსაც ეკონომიკურად ყველაზე მეტად უჭირს, პენსიის რაოდენობა უფრო მეტად ეზრდებოდათ, ხოლო მათ, ვისაც შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, პენსიის რაოდენობა მცირედით მოემატებოდათ.

„ჩვენ პენსიების ასეთი განაწილება გვქონდა და ხაზს ასე ვატარებდით – პენსიონერთა ზედა 20%-ს პენსიას საერთოდ ვუხსნიდით, 40%-ს რაღაც თანხას ვაძლევდით, ქვედა 40%-ს კი ყველაზე მეტს ვუზრდიდით. ანუ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, იმათ პენსიას უფრო მეტად ვუზრდიდით, შუაში – ცოტა ნაკლებად, ზედებს კი საერთოდ არ ვაძლევდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, გაკეთდა თუ არა შეფასება, რა ტიპის სოციალურმა ფენებმა დაუჭირეს მხარი „გირჩს“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან სტატისტიკა არ მოიპოვება, „გირჩს“ კი ასეთი სოციოლოგია არ აქვს, რადგან ამას ფინანსები სჭირდება.

„რაც ვნახეთ, არის უბრალოდ ჩაშლა-დანაწილება – თბილისში რამდენი ხმა ავიღეთ უბნების მიხედვით და რეგიონებში რამდენი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მხარდამჭერები ძირითადად, ურბანულ ცენტრებში გვყავს, სოფლის დასახლებებში კი – უფრო ნაკლებად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.