ზურაბ ჯაფარიძე - პარლამენტში შესვლა ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც განცხადება დავწერე, მაშინ დავამთავრე ეგ ამბავი, საკუთარ სიტყვას პატივს ვცემ
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ, დავამთავრე ეს საკითხი ერთი თვის წინ, როდესაც განცხადება დავწერე და მანდატზე უარი ვთქვი, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
„მიუხედავდ იმისა, ახლა რას გადაწყვეტენ კობახიძე და თალაკვაძე და ფორმალურად დამტოვებენ თუ არა პარლამენტის წევრად, საბოლოო ჯამში ამ პარლამენტის ამბავი დასრულებულია. ზოგადად, ეს კომისია მგონია, არის მასკარადი, მცდელობა დახატონ, ვითომ კონსტრუქციულები არიან და აძლევენ საშუალებას, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. რაღაც თითქოს ინსტრუმენტს აძლევენ ხელში ოპოზიციას, რომ თითქოს რამე გამოიძიოს. შეუძლებელია იქ რამის გამოძიება ერთი, რომც გამოიძიონ მაგის შედეგები შემდეგ გადაეცემა ბატონ შოთაძეს, რომელიც არის მართული ვიცით, საიდანაც. ამიტომ ზღაპარია ყველაფერი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის არ შეწყვეტის საკითხის გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე კონსულტაციებს მიმდინარე კვირაში გაივლის, ხოლო განცხადებას სასამართლოში სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შეიტანს.
„ხვალ მაქვს შეხვედრა, სადაც უნდა გავიარო ეგ საკითხი და არის შანსი, რომ ორშაბათს უკვე შევიტანო, საკითხი გავაგრძელო საკონსტიტუციოში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებების რესურსს ამ დროისთვის ვერ ხედავს.
„ამჟამად ვერ ვხედავ მოლაპარაკებების ვერანაირ რესურს. რესურსი იარსებებს ჩემი აზრით მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნება“ დაინახავს, რომ მასზე არის ზეწოლა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ან ორივე ერთად და მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება წავიდნენ ისინი ძალაუფლების დათმობაზე. სხვა შემთხვევაში მათ ახლა სრული განცდა აქვთ, რომ არანაირი კრიზისი არ არის ქვეყანაში და შესაბამისად აგრძელებენ თამაშს, ისე როგორც უნდათ. ილუზია იმისი, რომ ხელისუფლებაში ფაქტობრივად, თუნდაც არალეგიტიმურად არიან დიდი ქართველები, დემოკრატები, რომლებიც იმაზე ზრუნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ამიტომ მზად არიან რაღაცები დათმონ, ეგეთი ილუზიით არ ვცხოვრობ. ვიღაცას შეიძლება ეგეთი რამის სჯეროდეს, მე არ მჯერა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის პარლამენტში შესვლა წარმოუდგენელია.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, ჩემთვის ეს პარლამენტი დასრულებულია. როდესაც განცხადება დავწერე, მაშინ დავამთავრე ეგ ამბავი. საკუთარ სიტყვას პატივს ვცემ. თვეების წინ, როდესაც ბოიკოტი გამოვაცხადეთ, მაშინ ჩემი ერთ-ერთი წუხილი იყო ის, რომ შეიძლება ჯობდა განხილვა ამ საკითხის და ესე სწრაფად ამ გადაწყვეტილების არ მიღება, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორის იმას ნიშნავდა, რომ რაღაცა ვადები რომ ამოიწურებოდა, ეს ბოიკოტი უნდა შესრულებულიყო ფორმალურადაც. მე ეს შევასრულე. ჩემთვის ეს ამბავი დასრულებულია, როდესაც მე განცხადება ჩავაბარე“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.