ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.
„ამას ორი ახსნა აქვს – ან არიან იდიოტები, ან ჩმორები და უწვებიან რუსეთს. ამ ადამიანების შემოშვება-არშემოშვებაზე იყო ლაპარაკი და ახლა მთლად პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე წამოაჯინეს. აქედან პირდაპირ უნდა წაიყვანონ აეროპორტში და დატოვონ ქვეყანა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.