ზურაბ ჯაფარიძე - ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა დანიელსონის განცხადება, რომ შეთანხმების მიღწევამდე აქ დარჩება
ზურაბ ჯაფარიძე - ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა დანიელსონის განცხადება, რომ შეთანხმების მიღწევამდე აქ დარჩება

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადება, რომ დარჩება საქართველოში, ვიდრე შეთანხმება არ მიიღწევა.

„ოპტიმიზმის საფუძველს თუ რაიმე იძლევა, არის ბატონი დანიელსონის განცხადება, რომ ის დარჩება, ვიდრე ჩვენ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ცხადია, ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო ყველა საკითხი, რომელსაც შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს.

„ყველა საკითხი, რომელიც შეტანილი იყო მიშელის ექვს პუნქტში, დღესაც განიხილეს. მათ შორის, შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების თემა, როგორც საარჩევნო სისტემა, მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების დანაწილების გარკვეული მექანიზმები“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენა ნიშნავს, რომ ევროკავშირი პრინციპულადაა დაინტერესებული, ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

„მათ ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში დაბანდებული აქვთ უამრავი ინვესტიცია ბევრი, მათ შორის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით და ისინი ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვნად აფასებენ. ამიტომ გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი დარჩეს აქ, ვიდრე ჩვენ არ შევთანხმდებით, სწორედ ამას უსვამს ხაზს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება სოციალურ კვლევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ჯაფარიძე პასუხობს, რომ სოციოლოგიური კვლევები მის პარტიას არასდროს ჩაუტარებია.

„ამის ფინანსური რესურსი არასდროს გვქონია და შესაბამისად, არც კვლევა გვქონია“, – დასძინა ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიმართ ნდობა გაიზარდა, თუ შემცირდა“, – ჯაფარიძე აღნიშნავს: „მე შემიძლია გითხრათ „გირჩი მეტ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით, რასაც ვუყურებ, და სწორედ იმის გამო, რომ სოციოლოგიური კვლევები არ გვაქვს, ჩემი დაკვირვების საგანი ყოველთვის იყო სოციალური ქსელები – „ფეისბუქი“. ჩვენ მინიმუმ ვარდნა არ გვაქვს“, – განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.