ზურაბ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყო, ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს და ისე შევიდოდნენ პარლამენტში, არ მოაწერდნენ და ისე შევიდოდნენ, თუ საერთოდ არ შევიდოდნენ
ზურაბ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყო, ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს და ისე შევიდოდნენ პარლამენტში, არ მოაწერდნენ და ისე შევიდოდნენ, თუ საერთოდ არ შევიდოდნენ

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მისაღები იყო და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი მთავარი მიზნიდან უნდა ამოსულიყვნენ.

ჯაფარიძის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში სრულად თავადაც არ არის ჩართული, შესაბამისად, არ იცის, რა ნაწილში ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს იყო მაგ პარტიის მისაღები გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ისინი უნდა ამოსულიყვნენ იმისგან, რა არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა აიღოს 43 პროცენტი. ამ თვალსაზრისით უნდა გადაეწყვიტათ, მათი მხარდაჭერების თვალით რა იქნებოდა უკეთესი. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, არ ვიცი, მე თვითონ ნაწილობრივ ვარ ჩართული, მხოლოდ იმ საკითხებში ვიღებ მონაწილეობას, მათ შორის, რაღაც ნაწილში შორიდან, რომელიც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. სხვა რაღაცებში მე თვითონაც არ ვარ ჩართული, ამიტომ არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რაში ჩაერთვება. ვინც მოაწერა ხელი, ისინი არიან შესული, მათ შორის, მე ვარ ერთ-ერთი ხელმომწერი. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყო, ხელს მოაწერდნენ და ისე შევიდოდნენ, არ მოაწერდნენ და ისე შევიდოდნენ, თუ საერთოდ არ შევიდოდნენ. როგორც ჩანს, მათ ასე გადაწყვიტეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.