წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აქციას სახელწოდებით „შემაცვლევინე აზრი“ მართავს.
ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს დებატებში იწვევს და მათ შეკითხვებს პასუხობს. მისი თქმით, თუ ამომრჩეველი შეძლებს დაასაბუთოს, რომ „გირჩის” ლიდერი პრეზიდენტობას არ იმსახურებს, იგი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.
„ეს აქცია დავიწყეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან. მზად ვარ, მოვუსმინო ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეეცდება, დამარწმუნოს, რომ მე არ ვარ პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი. თუ რომელიმე მათგანი შეძლებს, არგუმენტირებულად დამისაბუთოს, რატომ არ ვიმსახურებ პრეზიდენტის თანამდებობას, ჩემს კანდიდატურას მოვხსნი “, – განაცხადა ჯაფარიძემ.
წინასაარჩევნო აქტივობის ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძე მსგავსი ტიპის აქციებს სხვადასხვა უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიებზე გამართავს.