ზურაბ ჯაფარიძე - მომლაპარაკებლებმა თავიდანვე გვთხოვეს, არ გავასაჯაროოთ, რაზეც ვსაუბრობთ, მე პატივს ვცემ და ამის გამო ტექნიკურ დეტალებზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია
ზურაბ ჯაფარიძე - მომლაპარაკებლებმა თავიდანვე გვთხოვეს, არ გავასაჯაროოთ, რაზეც ვსაუბრობთ, მე პატივს ვცემ და ამის გამო ტექნიკურ დეტალებზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია

არსებობს შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც წარვუდგინეთ მომლაპარაკებლებს, შიგნით დეტალები რა არის, ვერ მოგიყვებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებისადმი ოპოზიციის შეთავაზების დოკუმენტი „გირჩს“ არ გაუსაჯაროებია და მისთვის უცნობია, ვინ გაავრცელა დოკუმენტის შინაარსი. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასევე ვერ დააკონკრეტებს, გავრცელებული დოკუმენტი ნამდვილია თუ არა.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი „გირჩს“ არ გაუვრცელებია, ცალსახად. „ევროპულ საქართველოზე“ არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით. ზოგადად, შეთანხმება იყო, რომ არ უნდა გასაჯაროებულიყო მოლაპარაკების დროს რაზეც ვსაუბრობთ. თვითონ მომლაპარაკებლებმა თავიდანვე ეს წესი გვთხოვეს, რომ იქნებ, არ გავასაჯაროოთ, რადგან ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს მოლაპარაკებების პროცესს. პირადად მე პატივს ვცემ და ამის გამო ტექნიკურ დეტალებზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია, მათ შორის, ის დოკუმენტი, რაც გასაჯაროვდა გეტყვით, რომ აზრზე არ ვარ, ეგ არის თუ არა. ვერ ვიტყვი მოთხოვნებზე, თუმცა არსებობს შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც წარვუდგინეთ მომლაპარაკებლებს, შიგნით დეტალები რა არის, მაგას ვერ მოგიყვებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, წავა თუ არა დათმობაზე ოპოზიცია იმ შემთხვევში, თუ დაკმაყოფილდება ყველა პუნქტი, გარდა ახალი არჩევნების ჩატარებისა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უნდა შედგეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, დანარჩენზე საუბარი კი შემდეგ შეიძლება.

„არა, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე უნდა მოხდეს ერთიანი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება, მე ასე წარმომიდგენია. თუ შეთანხმება შედგება, მერე შეიძლება, ვილაპარაკოთ, ვინ რაზე წავა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხვალ არის და კი, ვესწრები“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, წავა თუ არა „ქართული ოცნება“ დათმობაზე, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამაში ეჭვი ეპარება.

„მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ. არ მინდა, პესიმისტურ ნოტაზე ვიყო, მაგრამ ვნახოთ“, – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.