ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება, მივიდეთ შეთანხმებამდე ყველაფრის გათვალისწინებით, ვნახოთ
დეტალებს ცხადია, ვერ მოვყვები, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ იყო მნიშვნელოვანი, ინფორმაციით დახუნძლული შეხვედრა, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პუნქტებად გავიარეთ ყველა ის პუნქტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დატოვა, მათ შორის ბევრად უფრო დეტალებში და სიღრმეში წავედით, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. ყველას აქვს გაცნობიერებული, ყოველ შემთხვევაში აქ, ამ ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან, რომ ამ წუთში კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხრიდან. ასევე ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო – ვიდრე ეს ადამიანი არის ჩამოსული, იქამდე შევძლოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმა კრიზისს, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. სხვა დეტალებს ამჯერად ვერ მოგიყვებით, რადგან ეს არ იყო ბოლო შეხვედრა. შეხვედრები კიდევ გაგრძელდება დღეს. იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში შევძლებთ, რომ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, შეთანხმებამდე მივიდნენ.
„მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად, ამ წუთში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ რაზეა თანახმა და რაზე არა. ამ წუთში განვიხილავთ წინადადებებს, რომლებიც ცხადია, ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თავად მედიატორისგან.
ტექნიკურ დეტალებზე ამ წუთში კომენტარს ვერ გავაკეთებ. არანაირი სურვილი არ მაქვს, ოდნავადაც კი, რომ რამენაირად ხელი შევუშალო ამ მოლაპარაკების პროცესს. ამიტომ, რაც გითხარით, მაგით შემოვიფარგლები. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა. საკითხების განხილვის დროს ბევრად უფრო წავედით დეტალებში და გვესმის, რომ დრო არის ძალიან ცოტა და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების ეს ჯგუფი, რომელიც ერთად ვაკეთებთ ამ შეხვედრას და გვესმის, რომ ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები. მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება, მივიდეთ შეთანხმებამდე ყველაფრის გათვალისწინებით და ვნახოთ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.