ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია, ყოველდღე გამოსვლა და გაპროტესტება, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი პოლიციელი დავტოვოთ თბილისში, სახე უნდა გავაძროთ, სიქა უნდა გავაცალოთ
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი პოლიციელი დავტოვოთ თბილისში მთელი ამ აღდგომის განმავლობაში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, „პოლიციელებმა ვერ უნდა დაისვენონ, ღამეები უნდა ათენონ, რომ სიქა გაძვრეთ“.
„მნიშვნელოვანი ამბავია ყოველდღე გამოსვლა და გაპროტესტება. ახლა ვიცი, რომ წითელი პარასკევია, აღდგომის კვირაა, შემდეგი კვირა პრაქტიკულად დასვენებად გამოაცხადეს. ამათ ახლა აქვთ მიზანი, პოლიციელები გაუშვან დასასვენებლად, წავიდნენ თავიანთ სახლებში, მათ შორის დიდი ნაწილი წავიდეს რეგიონებში, გავიდეს სასაფლაოზე, რომ ტრადიციები, რაც გვაქვს ყველას ოჯახში, შეასრულონ.
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი პოლიციელი დავტოვოთ თბილისში მთელი ამ აღდგომის განმავლობაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის კვირაა და ოჯახში ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ვასრულებთ ამ ტრადიციულ რიტუალებს, გვინდა საფლავზე გასვლა და რაღაც, ჩვენ მაინც გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ყოველ საღამოს ამ ქალაქში იყოს პროტესტი, რათა ამათ მოუწიოთ საპოლიციო ძალების თბილისში გაჩერება და იმათმა ვერ აიღონ შვებულება თუ ვერ გავიდნენ დასასვენებლად. სახე უნდა გავაძროთ, სიქა უნდა გავაცალოთ, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ამიტომ რაც მეტი პროტესტი იქნება ყოველ საღამოს, დღესაც, ხვალაც, ზეგაც, მთელი შემდეგი კვირა, ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ამათმა ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელებმა ვერ უნდა დაისვენონ, უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები უნდა ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა. ეგ არის კონკრეტული ამოცანა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.