ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილს ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ქვეყანაში მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს და აირიოს სიტუაცია
„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქ ლაივისას” მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მისი პირადი გადაწყვეტილება განმარტა. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს არ არის პარტია „გირჩის“ პოზიცია.
“მომავალში, როდესაც იქნება ასეთი საკითხი, სადაც პარტიული პოზიცია უნდა დააფიქსიროს „გირჩმა“, მე, ზურა ჯაფარიძე აღარ განვაცხადებ პირად პოზიციას, პოზიცია იქნება საერთო, რომელსაც „გირჩის“ ყველა წევრი მიიღებს. ვფიქრობ, ასე უფრო სწორი იქნება“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის გეგმებზეც საუბრობს და მეორე ტურამდე არეულობის მცდელობაზე აკეთებს აქცენტს.
„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არამგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.