მარიხუანას ფესტივალზე კანონს თუ ვინმე დაარღვევს, დაარღვევს შს სამინისტრო, – ამის შესახებ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 20 ოქტომბერს დაგეგმილ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის დაიცავს უფლებას, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
„ორი დღის წინ შს მინისტრს საჯაროდ მივმართე და საჯაროდ საუბარი შევთავაზე იმასთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ ამ აქციაზე და როგორ მოიქცევა შს სამინისტრო და რა პოზიცია აქვთ. წინასწარ გასაგები რომ იყოს, ვინ როგორ მოქმედებს, რათა მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ადამიანები. პასუხი არ მიმიღია. გუშინ მის მოადგილეებს მივმართე, მაგრამ იქიდანაც პასუხი არ არის. თუ აპირებენ, რომ ველურებივით მოიქცნენ, მოვარდნენ ვიღაცები და დააკავონ, ეს ქცევა იქნება ველური. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულად ჩაივლის.
პირადად, ვიცავ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას – მარიხუანასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ მითხრა, რომ მაქვს მოხმარების უფლება, რაც ნიშნავს, რომ უნდა მქონდეს ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზაც, მქონდეს შეძენისა და კულტივაციის უფლება. ვიცავ იმას, რაც კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული, არ ვარღვევ არანაირ კანონს. კანონს თუ ვინმე დაარღვევს, დაარღვევს შს სამინისტრო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.