ზურაბ ჯაფარიძე - მარიხუანას ფესტივალზე კანონს დავარღვევ მარტო მე - ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი
მარიხუანას ფესტივალზე კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს პასუხად განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, 20 ოქტომბერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს ჩაიდენს, თუმცა, მისი თქმით, კანონს არ დაარღვევს.
„შსს-მ ჩაატარა დღეს ბრიფინგი და განაცხადა რომ სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული ჩვენ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით. გაავრცელეს რაღაც მუქარის განცხადებები. ისინი გვემუქრებიან ჩვენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და შესაბამისი სანქციები არსებობს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სიახლის სამართლის. მინდა შსს-ს ვუპასუხო – მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე, პირადად, მაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი 2016 წლის 31 ოქტომბერს – დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას. 20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი და ვახო მეგრელიშვილის საქმეზე გულისხმობდა იმას რომ მე მაქვს იმის გაკეთების უფლება, რის გაკეთებასაც ვგეგმავ 20 ოქტომბერს. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა“ და არაა კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა ადამიანებს, ვისაც მათ დაანონსებულ ღონისძიებაში უნდოდა მონაწილეობა, რომ გეგმები არ იცვლება.
„ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე, პირადად, ვაპირებ იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ერთად მისვლას.
მინიმუმ, ვისაც აინტერესებს, თუ მართალა სერიოზულია შსს-ს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება არის მართლაც სერიოზული. მე ამისი არ მჯერა მაგრამ მაინც. ამიტომ, კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ და მათ შორის, ნახოთ რაღაც ისტორიული მომენტიც. ფესტივალი ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.