მოლაპარაკების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში, აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს და ბატონ დანიელსონს, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია, რომ რაიმე ტიპის შეთანხმებებამდე მაინც მივსულიყავით. მეორე, ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან. აღარავინ არ უნდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირის აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანი იყო ჩავარდნილი. ამ ადამიანის აღელვებაზე, მათ შორის წასვლაზე და ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე. მესამე, თვითონ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მინდა, ეს გასაგები იყოს ყველასთვის, მოლაპარაკების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ შეძლეს, დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში, ამის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, არ ესმით, რას ნიშნავს ამ პროცესზე ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან, არ ესმით, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ამიტომ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ დღეს ნახეთ, არის ის, რომ ამ ხალხს უკვე ფეხზე ჰკიდიათ ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის ამ ყველაფრის ერთადერთი ლოგიკური ახსნა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არც კი მისულა იქამდე, რომ ოპოზიციის პოზიციები განხილული ყოფილიყო სერიოზულად, რადგან მოლაპარაკების პროცესში მომლაპარაკებლების მცდელობა იყო, რომ რამენაირად მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც „ქართული ოცნება“ მაინც იქნებოდა თანახმა.
„აქამდე ისინი ვერ მივიდნენ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე, ანუ საუბარი იმაზე კი არაა, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმა არ იყვნენ, საერთოდ არაფერზე. მაგის გამო დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რომ კრისტიან დანიელსონმა საქართველოს გამოწვევებად „კოვიდი“ და უსაფრთხოება დაასახელა და ხომ არ არის აცდენა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო ჩამოვიდა და არა კოვიდპანდემიის გამო.
„არა, საერთოდ არ არის აცდენა და მას აქაც აქვს საჯარო განცხადებები გაკეთებული და მოლაპარაკების მაგიდასთანაც არაერთხელ გაკეთებული, რომ ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, თუმცა ამ კრიზისის ფონზე, ცხადია, არის ეკონომიკური კრიზისი, გამოწვევები, პანდემია და ასე შემდეგ. თქვენ თუ გინდათ, სურათი დახატოთ ისე, რომ მას მარტო პანდემია აღელვებდა, „კოვიდის“ გამო იყო, არ იყო „კოვიდის“ გამო ჩამოსული, პოლიტიკური კრიზისის გამო იყო ჩამოსული და მოლაპარაკებები მაგას ეძღვნებოდა. და არა იმის გამო იყო ჩამოსული, რომ პანდემიას ვერ უმკლავდება მთავრობა. ეს დოკუმენტი იცვლებოდა, მარტო დღეს გამოიცვალა ორჯერ თუ სამჯერ და მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ მოახერხეს, რომ დაედოთ ის დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იყო. ყველა დოკუმენტზე მათ ჰქონდთ პრეტენზია და ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკების დროს იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციისთვის.
„იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს. დეტალებში არ წავალ, რომლებიც გააფუჭეს „ქართული ოცნების“ მოთხოვნით და საბოლოო ჯამში, ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ იყო არაფრისმთქმელი და ჩვენთვის ამას შინაარსი აღარ ჰქონდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით,ყველაზე მეტი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, თუმცა „ქართული ოცნება“ არაფერზე იყო თანახმა.
„მაგიდაზე იდო ექვსივე პუნქტი, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, თუმცა თუ კითხვა ეხება იმას, რაზე დაიხარჯა ამდენი დრო, ამდენი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, რომლებზეც შემდეგ „ქართული ოცნება“ იძახდა უარს. შემდეგ მომლაპარაკებლები მიდიოდნენ და ასწორებდნენ ამ ვერსიებს და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა იმ სხვადასხვა პუნქტს, ეს არ ყოფილა განხილვის საგანი. ისინი ცდილობდნენ, ჯერ დოკუმენტი ისეთი მაინც ყოფილიყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ეთქვა კი რამეზე მაინც. მათ შორის, დრო დაიხარჯა იმაზე, რომ მათ ჰქონდათ მუდმივი კონსულტაციები ბრიუსელთან“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.